ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს წამყვან საკონცერტო ორგანიზაციას, რომელიც მრავალი წელია ქვეყნის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება.
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი დაარსდა 1989 წელს. მისი შექმნის იდეა 1976 წელს გაჩნდა და იგი გამოჩენილ ქართველ დირიჟორსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის. იმ პერიოდში თბილისში ფაქტიურად არ არსებობდა დარბაზი, რომელიც დააკმაყოფილებდა სიმფონიური მუსიკის შესასრულებლად საჭირო ყველა მოთხოვნას. ამის გამო აუცილებელი გახდა სიმფონიური მუსიკის შესაფერისი სრულფასოვანი საკონცერტო სივრცის აშენება, რაც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. წინააღმდეგობების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვის მიზნით მოიძებნა ერთგვარი გამოსავალი - ერთმანეთს ადგილმდებარეობა გაუცვალეს დ. აღმაშენებლის (მაშინ პლეხანოვის) გამზირზე მდებარე კინოთეატრმა “ამირანი” და მ. კოსტავას (მაშინდელი ლენინის) ქუჩაზე მდებარე ფილარმონიის მცირე საკონცერტო დარბაზმა. შემდეგ კი დაიწყო ყოფილი კინოთეატრის რეკონსტრუქცია. უამრავი პრობლემების გადაჭრის, მაესტრო კახიძის დაუღალავი ძალისხმევისა და ხელისუფლებაში მყოფი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების დიდი მხარდაჭერის შედეგად ძველი შენობის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფოიეს მიაშენეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკონცერტო დარბაზი, რომლის არქიტექტურული პროექტის ავტორები არიან ლერი მეძმარიაშვილი და მურთაზ ჩაჩანიძე.
ცენტრის გახსნის წინ ჯანსუღ კახიძე ამბობდა: 'ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს – აღმაშენებლის გამზირზე დგას თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი - ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი, ულამაზესი სიმფონიური მუსიკის დარბაზი.~ სწორედ ეს დარბაზი გახდაკლასიკური მუსიკის ახალი კერა, რომლის საფუძველზეც ბატონმა ჯანსუღ კახიძემ შექმნა თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი - საქართველოს წამყვანი საკონცერტო ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. აქ ყოველწლიურად გამოდიან საქართველოსა თუ საზღვარგარეთის მოწინავე მუსიკალური კოლექტივები და გამოჩენილი სოლისტები.
თავისი არსებობის მანძილზე ცენტრი ბევრი მნიშვნელოვანი წამოწყების ინიციატორი და რეალიზატორი გახდა:
1993 წლის 20 აგვისტოს, ჯანსუღ კახიძის მიერ დაარსდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, რომელიც თავისი მაღალმხატვრული შემოქმედებითი დონის, ორკესტრის მუსიკოსების უზადო პროფესიონალიზმის, ვრცელი რეპერტუარისა და შესრულების თვითმყოფადი მანერის გამო, არაერთი ცნობილი მუსიკოსისა და ექსპერტის აზრით საქართველოს წამყვან მუსიკალურ კოლექტივს წარმოადგენს.
1993 წლის სექტემბერში, ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად დაფუძნდა ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი”, რომლის პროგრამაც აერთიანებს არა მარტო სიმფონიური და კამერული ჟანრის, არამედ ფოლკლორისა და ჯაზის კონცერტებს. ფესტივალში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას იღებენ მსოფლიო მუსიკალური კულტურის ვარსკვლავები და გამოჩენილი ქართველი მუსიკოსები. ფესტივალმა `შემოდგომის თბილისი~ დამსახურებულად მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხატვრული და წარმატებული მოვლენის ადგილი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში.
2000 წელს ჯანსუღ კახიძის ინიციატივით შეიქმნა საქართველოში პირველი ბიჭუნათა კაპელა, რომელიც აქტიურად ჩაერთო ცენტრის შემოქმედებით ცხოვრებაში და არაერთი საინტერესო კონცერტი გამართა თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
2002 წელს, დიდი მაესტროს გარდაცვალების შემდეგ, თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრსა და მის მიმდებარე ბაღს, რომელიც წარსულში `გოფილექტის~ (სახელმწიფო ფილარმონიული ლექტორიუმი) სახელწოდებით იყო ცნობილი, მისი შემქმნელის - ჯანსუღ კახიძის სახელი მიენიჭა.
ამავე წელს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს სათავეში ჩაუდგა ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე. უკვე მისი ხელმძღვანელობით გაიმართა 2002 წლის მე-10 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი ‘შემოდგომის თბილისი~ და თბილისის სიმფონიური ორკესტრის 10 წლის იუბილე, რაც უდავოდ გახდა ფესტივალისა და ორკესტრის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისი.
ვახტანგ კახიძე, ერთის მხრივ წარმატებით აგრძელებს მუსიკალური ცენტრის შემოქმედებით ტრადიციებს, ხოლო მეორეს მხრივ ეფექტურად სრულყოფს და ანვითარებს მათ. ამის ნათელი მაგალითია ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული მრავალი მაღალმხატვრული კონცერტი, არაერთი ქართული თუ უცხოური ნაწარმოების პირველი შესრულება საქართველოში, ფესტივალის `შემოდგომის თბილისი~ პროგრამის გამრავალფეროვნება და მასში მონაწილე სახელოვანი სოლისტებისა თუ კოლექტივების წრის გაფართოება, თბილისის სიმფონიური ორკესტრის საშემსრულებლო დონის კიდევ უფრო მეტად ამაღლება და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული ტრიუმფალური გასტროლების შედეგად ორკესტრის საერთაშორისო აღიარება .
2004-2010 წლებში ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში განხორციელდა ძირეული რეკონსტრუქცია. ცნობილი ქართველი მეცენატის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერითა და მის მიერ დაარსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის “ქართუ” მეშვეობით შესაძლებელი გახდა ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია. თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა არაერთი სამუშაო: 2002 წლის მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებული შენობის გამაგრება და მისი იზოლირება გარშემო არსებული გრუნტის წყლებისგან, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების სრული რეაბილიტაცია, შენობის ფასადის ხელახალი მოპირკეთება, ისტორიული მნიშვნელობის მქონე, 1914 წელს იტალიელი მხატვრის მიერ მოხატული უნიკალური ფოიეს რესტავრაცია და მრავალი სხვა. ამავე პერიოდში მოხდა თბილისის სიმფონიური ორკესტრისთვის ახალი, ძვირადღირებული მუსიკალური საკრავების შეძენა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მუსიკოსების საშემსრულებლო დონის ამაღლებასა და ორკესტრის საერთო ჟღერადობის გაუმჯობესებას.
ცენტრის რეკონსტრუქციის პროცესში დიდი წვლილი შეიტანეს ცნობილმა გერმანულმა, ავსტრიულმა და ჰოლანდიურმა კომპანიებმა. მათ მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და ქართულ სამშენებლო კომპანიებთან ერთად ჩატარებული სამუშაოების შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზების აკუსტიკა, რისთვისაც მთლიანად შეიცვალა სცენისა და იატაკის საფარი, კედლები დაიფარა სპეციალური აკუსტიკური საღებავით, მოძრავი გახდა დიდი დარბაზის მთავარი არქიტექტორული ელემენტი ე.წ. `აკუსტიკური ფარი', რომლის პოზიციების ცვლის შედეგად ხდება აკუსტიკის რეგულირება. სრულად განახლდა საკაბელო კომუნიკაციებისა და განათების სისტემები.
გერმანელი ოსტატის, ევალდ კინლეს მიერ, სპეციალურეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკარად დიდი დარბაზისთვის შეიქმნა საკონცერტო ორგანი, რომლის სცენის უკანა კედელზე განთავსებამ მნიშვნელოვნად შეცვალა დარბაზის იერსახე და მას განსაკუთრებული თვითმყოფადობა შესძინა.
სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა საერთო აზრით, ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად ცენტრის საკონცერტო დარბაზები უდავოდ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად საამაყოა.
მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ხშირად მართავს კონცერტებს სხვადასხვა საერთაშორისო დიპლომატიური მისიებისთვის ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნავად.
გარდა ამისა, ცენტრის სცენა ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებს. ასე მაგალითად: საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა რესპუბლიკური კონკურსი, პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი, ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული კონკურსი, ხელოვნების ფესტივალი “თბილისური გაზაფხული” და კიდევ სხვა მრავალი.
მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით უჭერდა მხარს ახალგაზრდა ქართველ შემსრულებლებს. ცენტრის სცენაზე პროფესიული წრთვნა გაიარეს დღეს უკვე კარგად ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა. ამავე დროს, ცენტრში სისტემატურად იმართება სხვადასხვა მუსიკალური სკოლებისა და სასწავლებლების კონცერტები, ცნობილი მუსიკოსების მასტერკლასები.
მუსიკალურ-კულტურული ცენტრი სათანადო ყურადღებას იჩენს ქართული საკომპოზიტორო შემოქმედების მიმართ. ცენტრის საკონცერტო სცენაზე ხშირად სრულდება ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
2015 წელს, ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა ჯ.კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომლის პროგრამაც აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის 'მსოფლიო ვარსკვლავების' შემოქმედებით თანამშრომლობაზე. ეს არის ფესტივალი განკუთვნილი ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის.
ამავე წელს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის შემოქმედებით კოლექტივებს დაემატა ნ.სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით. გუნდი აქტიურადაა ჩართული ცენტრის საკონცერტო ცხოვრებაში და მსმენელს ფართო რეპერტუარს სთავაზობს.
სამომავლოდ დაგეგმილია არაერთი საინტერესო პროექტი, რომელთა განხორციელებაც, ერთის მხრივ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ხოლო მეორეს მხრივ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საზღვარგარეთ ქართული მუსიკალური კულტურის მაღალ პროფესიულ დონეზე წარდგენის საქმეში.